შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო
18 იანვარი 2016

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო. სწავლება „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ზამთრის კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 13 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებაში თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მოვლენილი ჯარისკაცები მონაწილეობენ.

ზამთრის წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა. თავდაპირველად კურსში მონაწილე სამხედროები ორფოლოს პოლიგონზე, მთიან რელიეფზე საშტატო იარაღიდან სროლის ტექნიკას დახვეწენ. სწავლების მეორე ფაზაში მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან, სადაც თოვლში თხილამურით მარშგადაადგილება, თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის ძებნა და ევაკუაცია მოუწევთ.

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობენ. თითოეული ამოცანის შესრულების დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ცოდნა შესაბამისი ქულებით შეფასდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ.