საახალწლო მილოცვა ქართველ სამშვიდობოებს
1 იანვარი 2016

ახალი წლის დადგომა ქართველ სამშვიდობოებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაუკავშირდნენ. მათ ახალი წელი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონს, მაზარ-ი-შარიფში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულს, ქაბულში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულსა და საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობას, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მრჩეველთა მისიაში მყოფ ქართველ სამხედროებს მიულოცეს, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. მართვის ცენტრიდან ტელეხიდით დაუკავშირდნენ გაერთიანებული ერების დამხმარე მისიაში ავღანეთში უფროს სამხედრო მრჩეველს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასაც.

თავდაცვის სამინისტროდან თინათინ ხიდაშელი და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე სპეციალური ოპერაციების ძალებს ესტუმრებიან და პირად შემადგენლობას ახალ წელს მიულოცავენ. სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახალ 2016 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებიც შეხვდებიან.

ვიდეო რეპორტაჟი