თავდაცვის მინისტრის საჩუქარი სამხედროების შვილებს
30 დეკემბერი 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები სამხედროების ბავშვებს ერთ-ერთი საახალწლო სურვილი აუსრულა. თინათინ ხიდაშელმა პატარების საცხოვრებელ კორპუსებთან მოწყობილი სკვერი გახნა. სკვერში საქანელები და სასრიალოები, სწორედ, მინისტრის ინიციატივით დამონტაჟდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მედიაჯგუფ "სტარვიზიასა" და "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მხარდაჭერით სამხედროების შვილებს გაზიანი სასმელები, სუვენირები და ტკბილეული დაურიგა. „კოკა-კოლის“ მანქანებმა და სადღესასწაულო ნომრებმა წმინდაწყლის დასახლების მცხოვრებლებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.

„ყველა ბავშვს, ყველა სამხედრო მოსამსახურის შვილს და მთელს საქართველოს მინდა მივულოცო ახალი წელი. გვინდოდა, კიდევ ერთი ლამაზი საღამო გვეჩუქებინა ბავშვებისთვის. ამ დასახლებაში 100-მდე სამხედრო მოსამსახურე ცხოვრობს. თავდაცვის სამინისტრო მზად არის, ბევრი ასეთი დღე და საღამო მიუძღვნას მათ ბავშვებს, რათა პატარების სახეზე, რაც შეიძლება მეტი ღიმილი იყოს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან ერთად წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახსაც ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

სამხედროების საცხოვრებელ კორპუსებთან ბავშვებისთვის სკვერის მოწყობა თავდაცვის მინისტრის დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებთან შეხვედრის დროს გადაწყდა. თინათინ ხიდაშელს სამხედროებმა მათ საცხოვრებლებთან ბავშვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთი კვირის წინ სთხოვეს.

ვიდეო რეპორტაჟი