განახლებული მთავრობის დამტკიცება პარლამენტში
30 დეკემბერი 2015

საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დამტკიცებულია. პარლამენტმა მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. 86 მომხრე, 28 წინააღმდეგი - ასეთი იყო საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგები. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გუნდში ახალი მხოლოდ ერთი მინისტრია - საგარეო უწყებას მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს ნდობა კიდევ ერთხელ მოიპოვეს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს პარლამენტის მხარდაჭერა მიულოცა და ქვეყანას წარმატებები უსურვა.

„ჩვენი ამოცანაა, 2016 წელს უფრო მაღალი ტემპით გავაგრძელოთ მუშაობა - დავასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი, პროექტებად ვაქციოთ მთავრობაში განხილული იდეები. ძირითადი მიმართულება არის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ბიზნესის მხარდაჭერა და პროცედურების გამარტივება, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მაქსიმალური შემოსვლის უზრუნველყოფა და ევრო-ატლანტიკურ გზაზე საქართველოს პრინციპული, უკომპრომისო სვლა იმისთვის, რომ რეალობად ვაქციოთ ჩვენი მთავარი ამოცანა, ოცნება - დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში და საქართველო გახდეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და იმედი გამოთქვა, რომ 2016 წელს ქვეყანას სერიოზული მიღწევები ექნება.

ვიდეო რეპორტაჟი