თინათინ ხიდაშელის გამოსვლა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე
28 დეკემბერი 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. ხიდაშელის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე უკვე მზად იქნება თავდაცვის შესახებ კანონპროექტი. მისივე განცხადებით, თავდაცვის უწყებაში დაგეგმილია საპენსიო რეფორმა და სხვა საკანონმდებლო ცვლილებები.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა უწყების 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტზე, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელ საქციელზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე, ქართული ჯარის ქართულ კვებაზე გადასვლასა და ქართული სამხედრო ფორმის საქართველოში წარმოებაზე, ყურადღება გაამახვილა „დელტას“ შესაძლებლობების განვითარებაზე, პროფესიული რეზერვის საკითხსა და საინფორმაციო ომის პირობებში მედიასთან თანამშრომლობის საკითხებზე.

თინათინ ხიდაშელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებაზე, ჯარში დაგეგმილ რეფორმებზე, ქართული შეიარაღებულ ძალებში ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებებზე და სოციალური მხარდაჭერის პროგრამაზე - „მხარი მხარს“, რომელიც ბიზნესმენებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ ქართველ სამხედროებზე მზრუნველობას გულისხმობს.