C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში სრულიად შესაძლებელია
26 დეკემბერი 2015

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ „დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მომსახურეებს სპეციალურად მოწყობილ მობილურ ამბულატორიებში C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარა. სკრინინგის მიზანია, სამხედრო მომსახურეებმა დაადგინონ აქვთ, თუ არა C ჰეპატიტი და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, დროულად დაიწყონ მკურნალობა.

სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სკრინინგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ხიდაშელმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სერგეენკომაც გაიარეს.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და C ჰეპატიტის მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არ არის მხოლოდ მკურნალობის პროგრამა. ეს არის ქვეყანაში C ჰეპატიტის დამარცხების პროგრამა. ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა აღარავის უნდა ქონდეს. ბუნებრივია, ჯარი საზოგადოების ნაწილია. ჩვენი სურვილითა და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ერთ-ერთ საწყის ეტაპზე ჯარში დავიწყეთ სკრინინგი. ეს პროცესი მეოთხე მექანიზირებული ბრიგადით დავიწყეთ, მაგრამ მომავალში მთელს შეიარაღებულ ძალებში გავრცელდება. დღეს, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვცა პირობა, რომ ჩვენს ექიმებს ჩაუტარებენ ტრენინგებს. აღნიშნული ინიციატივით პროცედურა უფრო სწრაფად გაგრძელდება და აღარ დაგვჭირდება ყოველ ჯერზე ჯანდაცვის სამინისტროდან ექიმების გამოძახება. ქართველ სამხედროებს მივმართავ: მომავალ წელს აბსოლუტურად ყველასთან მივა ეს სიკეთე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულ ჯარში არ აღმოჩნდება ეს დაავადება და ჩვენი ჯარისკაცები ჯანმრთელები არიან. თუმცა, არც ეს არ იქნება პრობლემა, ვინაიდან ეს სენი აღარ არის დაუმარცხებელი და მისი მკურნალობა საქართველოში დღეს სრულიად შესაძლებელია“, - თინათინ ხიდაშელმა.

„პროექტი რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და გამოკვეთილად წარმატებულად მიმდინარეობს. უკვე ექვსი ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა პროგრამით. გარდა ამისა, 15 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა ე.წ. სკრინინგი, ანუ მარტივი ანალიზი. იმისათვის, რომ პროექტი შემდგომშიც წარმატებულად გაგრძელდეს, აუცილებელია საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა შემოწმდეს ამ დაავადების არსებობაზე. მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც მზადყოფნა გამოხატა ჩართულიყო ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს პროექტში. დღეს, სწორედ, სამხედრო მოსამსახურეებში დაიწყო ჰეპატიტის სკრინინგი. ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ

C ჰეპატიტის საყოველთაო უფასო სკრინინგის აქცია 9 ნოემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აქციის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაადგინოს, აქვს თუ არა C ჰეპატიტი და იმკურნალოს პროგრამის ფარგლებში. დაავადებულები ახალი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს სრულიად უფასოდ მიიღებენ.

ვიდეო რეპორტაჟი