ჰუმანიტარული ოპერაცია მაზარ-ი-შარიფში
24 დეკემბერი 2015

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა. ძირითადი ფაზის დაწყებამდე ოპერაციაში მონაწილე ოცეულის მეთაურმა, კაპიტანმა ირაკლი თოლორდავამ ქვედანაყოფს გადაადგილებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ბრიფინგი ჩაუტარა.

ქართველმა სამხედროებმა სოფლების - კამპშაჰისა და ჰუსეინაბადის ბავშვებს თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შეგროვილი სათამაშოები დაურიგეს. ჯარისკაცებმა პატარებთან რამდენიმე წუთის განმავლობაში თამაშიც მოასწრეს. ასეულის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი უმთავრესი პრობლემებით დაინტერესდა.

ჰუმანიტარული ოპერაცია სამი საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ოპერაციაში მონაწილეობდა ასევე გერმანიის ბუნდესვერის კუთვნილი ხუთი ჯავშანმანქანა „დინგო 2“.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში უკვე ხუთი თვეა ჩართულია. რამდენიმე კვირაში მას ამავე ბატალიონის “ბრავო“ ასეული ჩაანაცვლებს.

ვიდეო რეპორტაჟი