გენერალური შტაბის უფროსმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მოინახულა
24 დეკემბერი 2015

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, თადარიგის პოლკოვნიკ ირაკლი ყანდარელს ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ირაკლი ყანდარელს საახალწლო საჩუქარი გადასცა და ომის ვეტერანის საპატიო წიგნაკში ჩანაწერი დაუტოვა. თავის მხრივ, გენერალ-მაიორს ომის ვეტერანმა სამახსოვრო წიგნები გადასცა.

ირაკლი ყანდარელი მეორე მსოფლიო ომში ხარკოვის 193-ე დივიზიაში იბრძოდა. ომის ვეტერანი 2008 წელს ქართველი ხალხის წინაშე არსებული დამსახურებისთვის და მეორე მსოფლიო ომში ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული. ირაკლი ყანდარელი არის ჩეხეთის 9 ქალაქის დამსახურებული მოქალაქე და საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი. ჩეხეთის რესპუბლიკის წინაშე არსებული დამსახურებისთვის ჩეხეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ირაკლი ყანდარელს მადლობის წერილი გამოუგზავნა.