გიორგი თავდგირიძის ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
24 დეკემბერი 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე სტუდენტებს შეხვდა. მან წაიკითხა ლექცია თემაზე - „საქართველო 21 - საქართველოს შეიარაღებული ძალები მოსალოდნელი ტრანსფორმაციის პირობებში“. ღონისძიება პროგრამის - „შეხვედრები სტუდენტებთან“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართა.

გიორგი თავდგირიძემ სტუდენტებს ქვეყნის თავდაცვის სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების გეგმები გააცნო. თადარიგის პოლკოვნიკმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ მხარდაჭერასა და შეიარაღებული ძალების პროფესიულ არმიად ჩამოყალიბებისა და სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ. მისი განცხადებით, აქტუალურ საკითხებზე დისკუსიაში ახალგაზრდების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„არმია, სამხედრო საქმე, ეს არ არის განყენებული თემა, ეს არ არის საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი კორპორაცია, რომელმაც თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდება, რა მიმართულებით წავა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ახალგაზრდებმა, იმ ადამიანებმა, ვისი დასაცავიც არის ქვეყანა, იცოდნენ, თუ როგორ არის ორგანიზებული შეიარაღებული ძალები, რა სტრუქტურები, რა შესაძლებლობები ექნება შეიარაღებულ ძალებს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყანა. რაც მთავარია, ეს არის ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის - სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობა“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ.

საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები რეზერვის, კიბერრეზერვისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ.