თავდაცვის მინისტრის შეხვედრა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან
23 დეკემბერი 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეებს 2016 წელს დაგეგმილი ის ახალი პროექტები და ინიციატივები გააცნეს, რომელთა მთავარი მიზანი დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფაა.

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, პაატა პატიაშვილმა სამხედროებს მომავალ წელს დაგეგმილი ახალი პროექტები გააცნეს. ერთ-ერთი პროგრამა სამხედრო ან სამოქალაქო სექტორში დაჭრილი სამხედროების დასაქმებას შეეხება. ამ შემთხვევაში სამხედროებს არჩევანის გაკეთება საკუთარი სურვილით შეეძლებათ. სამოქალაქო სფეროში დასაქმების მსურველები კი შესაბამის ტრენინგსა და გადამზადებას გაივლიან.

ახალი პროგრამები დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი შვილების სხვადასხვა უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვასა და ინგლისური ენის უფასო კურსების გავლას, ოჯახის წევრების დასაქმებას, სხვადასხვა მომსახურებაზე ფასდაკლებას, საპენსიო რეფორმასა და იურიდიულ დახმარებას ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძემ წეროვანში მაღალი სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის გეგმაზე გაამახვილა ყურადღება, რაც აშშ-ის დახმარების ნაწილს წარმოადგენს. ანა დოლიძემ უფასო იურიდიული დახმარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ნებისმიერი სახის საკრედიტო, სახელფასო თუ სხვა სახის ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციას უსასყიდლოდ მიიღებენ.

სამომავლო გეგმების წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაჭრილმა სამხედროებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს საკუთარი პრობლემებიც გაუზიარეს. ბევრმა მათგანმა მინისტრს რეგიონებში პარასპორტის სხვადასხვა მიმართულების ჩამოყალიბება და სპორტულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის საქმეში ხელშეწყობა სთხოვა. სამხედროებმა ისეთ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება, როგორიცაა: სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შემთხვევაში მათთვის მოქნილი გრაფიკის დაწესება, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების შემოღება, ბავშვებისთვის ვარკეთილის სამხედრო ქალაქისა და გორში სამხედროების კორპუსების შიდა ეზოს კეთილმოწყობა, ასევე სპორტული დარბაზების შესაბამისი ადაპტირება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა დაჭრილი სამხედროების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და მათთან განხილულ საკითხებზე ისაუბრა:

„ჩვენ გარკვეული პერიოდულობით ვხვდებით დაჭრილებს. ეს შეხვედრები ერთადერთ მიზანს ემსახურება - რაც შეიძლება მეტი პროგრამა განვახორციელოთ სამინისტროს ფარგლებში და უფრო მეტად დავაინტერესოთ სამოქალაქო თუ ბიზნეს სექტორი ამ ადამიანების ყოველდღიურობის შემსუბუქებაში. ეს ადამიანები არ საჭიროებენ არავის დახმარებას, ისინი ძალიან შრომისუნარიანები არიან. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ მათი ოჯახების, მათი დასაქმების საკითხები არ შეიძლება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მზრუნველობის ქვეშ იყოს; მათ მთელი საზოგადოების სოლიდარობა სჭირდებათ. ჩვენ ბევრი უნივერსიტეტისგან გვაქვს თანხმობა მათთვის დამატებითი განათლების პროგრამებში მონაწილეობაზე; გვაქვს რამდენიმე ბიზნესმენის თანხმობა, რომ მათი შვილების განათლების კუთხით დაგვეხმარონ. იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება, ვინც ამ მხარდაჭერას გააგრძელებს. თავდაცვის სამინისტროს ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი. მათ ეს პროექტები გავაცანით და ძირითადად, ამ საკითხებზე ვისაუბრეთ“.

თავდაცვის მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კიდურების ამპუტაციის მქონე და ანოფთალმ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

ვიდეო რეპორტაჟი