სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონის პრეზენტაცია
23 დეკემბერი 2015

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასაქონლო მომარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ პაპავასა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებს ელექტრონული ლექსიკონი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი უჯმაჯურიძემ წარუდგინა. შეხვედრაზე 2015 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებიც შეაჯამეს.

ლექსიკონი სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა და მისი მიზანი სამხედრო ტერმინთა სტანდარტიზება და ენობრივად გამართვა იყო.

2013 წლის აპრილიდან თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სასაქონლო მომარაგების დასახელებების თავმოყრა, კლასებად დაჯგუფება, ელექტრონულ ფორმატში გადატანა და სისტემური ელექტრონული ლექსიკონის შექმნა დაევალა. სამუშაო პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ელექტრონულ ლექსიკონს სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია დაამტკიცებს.