ეროვნული გვარდიის იუბილე თელავში
23 დეკემბერი 2015

საქართველოს ეროვნულ გვარდიას 25 წელი შეუსრულდა. გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტით მიულოცა. საზეიმო ღონისძიება თელავის დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში სამხედრო ორკესტრის გარდა ანსამბლი „ქართველები“ და ცნობილი ქართველი აკორდიონისტი ვანიანო ხაჩიძე მონაწილეობდნენ. დასს დირიჟორობას კაპიტანი კობა მერმანიშვილი უწევდა. საიუბილეო ღონისძებას ეროვნული გვარდიის სარდალი ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი არჩილ აბრამია, თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ. ღონისძიების დაწყებამდე, დარბაზში მყოფმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული 600 გვარდიელის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. საღამოზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. სამხედრო ორკესტრმა აკორდეონისტ ვანიანო ხაჩიძესთან ერთად ასტორ პიაცოლას კომპოზიცია „ობლივიონი“ და „ლიბერტანგო“ შეასრულა. სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა მსმენელს ფარელ უილიამსის „Happy” და ერიკ ვითექერის „Equus“ წარუდგინა. გვარდიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღესვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ვიცე-პოლკოვნილი მამუკა ცხვედიანი, მაიორი ზურაბ სიდამონიძე და მაიორი მევლუდ ასლანიშვილი სამსახურეობრივი საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. საზეიმო ცერემონიალის დასასრულს გვარდიის შესახებ სპეციალური ფილმის ჩვენება მოეწყო. ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა.

ვიდეო რეპორტაჟი