ინგლისური ენის კურსის დასრულების ცერემონიალი
21 დეკემბერი 2015

საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი დაასრულეს. თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირებმა სხვადასხვა დონის ერთწლიანი კურსი 2014-2015 წლების განმავლობაში გაიარეს.

30 კურსდამთავრებულს სერტიფიკატები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა გადასცეს, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძეც დაესწრო.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსი გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებითა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა. თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის მსგავსი კურსები რეგულარულად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.

ვიდეო რეპორტაჟი