პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას ლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
15 დეკემბერი 2015

„ხალიფატიდან ისლამურ სახელმწიფომდე - საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევები“ - თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას საჯარო ლექცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ წაუკითხა.

პოლკოვნიკმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ტერორიზმზე, „ისლამური სახელმწიფოს“ ფენომენსა და მის უკან მდგარი ძალების ინტერესებზე ისაუბრა.
ლექციის ბოლოს საინტერესო დისკუსია შედგა. მსმენელები ტერორიზმის საფრთხეების თავიდან აცილებისა და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვების შესაძლებლობებით დაინტერესდნენ. განსაკუთრებული ყურადღება სკოლის მოსწავლემ მიიპყრო, რომელმაც ტერორიზმის თემაზე გონივრული და საინტერესო შეკითხვა დასვა და აუდიტორიის ემოციები და ტაში დაიმსახურა. პოლკოვნიკმა ნიკა ჯანჯღავამ კი აღნიშნა, რომ საჯარო ლექციების გამართვა ამგვარი ახალგაზრდების აღმოსაჩენადაც ღირს.
„დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი იმის შესახებ, თუ რა საფრთხეებს მოიცავს ისლამური სახელმწიფო, რა ტიპის ბრძოლა არის გაჩაღებული დღევანდელ ახლო აღმოსავლეთში, რა როლი აქვს საქართველოს ამ ბრძოლაში და როგორ უნდა გავარკვიოთ, თუ რა პრობლემები შეექმნება „ისლამურ სახელმწიფოს“ ახლო მომავალში“,- აღნიშნა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.

ლექციის დასასრულს აუდიტორიას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მიმართა და საჯარო ლექციებთან დაკავშირებით სამინისტროს პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ არა მხოლოდ მოვიხმართ ცოდნას, არამედ, ვქმნით, სამინისტროში დღეს ნამდვილად არის პოტენციალი, შევქმნათ ცოდნა და ავიმაღლოთ განათლების სტანდარტები. უნდა გავუთანაბრდეთ ევროპასა და ნატოს ქვეყნებს განათლების დონეში. ბატონი ნიკას ლექციაც, სწორედ, ამ ახალი ხედვის ჩარჩოში გაიმართა და ღრმა და დაფიქრებული დისკუსიაც მოეწყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია საქართველოს მომავალი ახალ გეოპოლიტიკურ სივრცეში“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ვიდეო რეპორტაჟი