კონკურს „თანამედროვე გმირების“ გამარჯვებულების დაჯილდოება
14 დეკემბერი 2015

ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა სკოლის მოსწავლეებისთვის ვიდეორგოლების კონკურსი „თანამედროვე გმირები“ ჩაატარეს. კონკურსში გამარჯვებული ბავშვებისა და მათი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.

გამარჯვებულებს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის წიგნები - „მოგონებანი 1917-1925“, დიპლომები და კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ გადასცეს.

ღონისძიებაზე გამარჯვებული ვიდეორგოლების ჩვენებაც გაიმართა. სამივე მათგანი 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე მომზადდა. ბავშვებმა სამწუთიან კლიპებში ნათლად ასახეს აგვისტოს ომის გმირების მიმართ დამოკიდებულება, ქართველი თანამედროვე გმირების თავგანწირვა, ვაჟკაცობა და სამშობლოს სიყვარული.

კონკურსში გამარჯვება გორის N11 საჯარო სკოლის, თბილისის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

ღონისძიების დასასრულს აკადემიის რექტორმა და იუნკერებმა სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.

ვიდეო რეპორტაჟი