პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის ლექცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
11 დეკემბერი 2015

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. „საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში - მიღებული გამოცდილება და მნიშვნელობა“, -ასე ერქვა ლექციას, რომლის ფარგლებშიც გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ახალგაზრდებს კვალიფიციური ინფორმაცია მიაწოდა და ქართველი სამხედროების დასავლური სტანდარტის გამოცდილებაზე უამბო.

სტუდენტები ლექციაზე განხილული თემებით დაინტერესდნენ და პოლკოვნიკთან ხანგრძლივი და ცხარე დისკუსიაც გამართეს. ახალგაზრდებმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს შეკითხვები ქართული ჯარის ნატოსთან თავსებადობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტების, რუსული აგრესიისა და ტერორიზმის თემაზეც დაუსვეს.

„საინტერესო შეხვედრა და დისკუსია გვქონდა, სტუდენტები დაინტერესებულები არიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებით. ძალიან აქტიურები იყვნენ, იყო ბევრი საინტერესო კითხვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდობაში, ჩვენს სტუდენტებში დიდი ინტერესია საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და იმ ამოცანების მიმართ, რომელსაც წარმატებით ასრულებენ ჩვენი სამხედროები“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწყების პრიორიტეტებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ ლექციებს დედაქალაქსა და რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალშიც გამართავენ.

ვიდეო რეპორტაჟი