შეხვედრა ნატოს უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლებთან
8 დეკემბერი 2015

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენელთა დელეგაციას უმასპინძლეს. საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელს ფრანკ მიჩევსკს და ნატოს უსაფრთხოების ოფისის სხვა თანამშრომლებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი არჩილ აბრამია და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრისა და ქვერეგისტრების ინსპექტირებაზე, გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესის მონიტორინგზე, ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკასა და შესაბამის დირექტივებზე ისაუბრეს.

ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურმა სტუმრებს სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კუთხით საქართველოში არსებული რეალობა გააცნო. საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზის გათვალისწინებით, ასევე მიმოიხილეს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების გაცემის პროცედურები და დოკუმენტების მართვის უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მასპინძლებმა ნატოელი პარტნიორებისგან ინფორმაციის სანდოდ დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უახლოეს მომავალში დაინერგება.