თინათინ ხიდაშელი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა
8 დეკემბერი 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტსა და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები, საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგები და ვარშავის სამიტი იყო. თინათინ ხიდაშელმა ალიანსის შემადგენლობაში მონტენეგროს მიწვევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ოპტიმისტური და იმედის მომცემია.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ნატოსა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ის აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა ვარშავის სამიტზე შესაბამისი შედეგების მისაღწევად. ექსპერტებმა აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს. აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანობით, ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებითა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა. შეხვედრაზე გამოთქვა სრული მხარდაჭერა და მზაობა საქართველოს საკითხის მხარდაჭერის თვალსაზრისით.