გენერალური შტაბის უფროსის მოხსენება ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე
3 დეკემბერი 2015

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მეორე დღე თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებზე მსჯელობას დაეთმო. პანელში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მონაწილეობდა. გენერალ-მაიორის მოხსენება ჰიბრიდულ გამოწვევებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებს შეეხებოდა. მან „ჰიბრიდული ომი“ მეოთხე თაობის საფრთხედ შეაფასა და აღნიშნა, რომ კონვენციური ომისგან განსხვავებით ჰიბრიდული გამოწვევის დროს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური და სამხედრო ზემოქმედება ერთდროულად ხორციელდება, უპირველეს ყოვლისა, სპეციალური დანიშნულების ძალებზე, სადაზვერვო დანაყოფებსა და მედიაზე. გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტორებზე ზემოქმედება და ქვეყანაში გაუთავებელი დაძაბულობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აკნინებს.

გენერალ-მაიორმა ყურადღება რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ელემენტებზე გაამახვილა. მან აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მაგალითები დაასახელა და აღნიშნა, რომ რუსული ავიაციის, საზღვაო ძალების ჩართვა და დეზინფორმაციის ელემენტები, სწორედ, რუსული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილი იყო. გენერალური შტაბის უფროსმა „ჰიბრიდული ომის“ კონტექსტში უკრაინის კრიზისზეც ისაუბრა და მთელი ოპერაცია 9 ფაზად დაჰყო. როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა კრიზისი უკრაინაში დეზინფორმაციის გავრცელებით, შესაბამისი საინფორმაციო სივრცის შექმნითა და ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაციით დაიწყო.

„მოხსენება შეეხებოდა ჰიბრიდულ ომებსა და მის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს, როგორც ქვეყნის ხელისუფლების, ასევე, შეიარაღებული ძალების მიერ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო, რადგან იყო ინტერაქტიული. რაც მთავარია, შეკითხვებიდან ჩანდა სიღრმისეული ცოდნა. თემები არ იყო ახალი ამ აუდიტორიისთვის, კარგად იყვნენ გაცნობიერებულები შესაბამის საკითხებში. ნაყოფიერი ურთიერთობა გამოგვივიდა. მათი რეპლიკებიდან საინტერესო საკითხები მოვისმინე. მსგავსი სწავლებები თუ სამუშაო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მოხსენების დასრულების შემდეგ.

პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი იყო. მან შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლსა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რაც მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იქნება საკანონმდებლო ორგანოსა და უწყებას შორის, მით უფრო ეფექტიანი შედეგის მომტანი იქნება თანამშრომლობა ქვეყნისთვის. მან საპარლამენტო კონტროლი პოლიტიკაზე ზედამხედველობად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კონტროლი არა ინსპექტირება, არამედ, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატია. ირაკლი სესიაშვილმა სემინარში მონაწილე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს მეტი ღიაობის, პროაქტიურობისა და სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

სესიას კურსის მონაწილეებისა და მომხსენებლების გარდა ნატოს ძირითადი ჯგუფის წევრებიც დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი