ანა დოლიძის ვიზიტი თურქეთის შეიარაღებული ძალების აკადემიაში
2 დეკემბერი 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე სტამბოლში, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების აკადემიების სარდლობას ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა შეიარაღებული აკადემიების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ თაჰირ ბექიროღლუსთან, შეიარაღებული ძალების მართვისა და ადმინისტრირების უმაღლესი აკადემიის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ალი აქიურექთან და იმ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც აკადემიაში სწავლობენ. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები - ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა და ვიცე-პოლკოვნიკი რევაზ ნიკოლეიშვილი დაესწრნენ.

გენერალ-ლეიტენანტ თაჰირ ბექიროღლუსთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეთანხმდნენ, რომ სამაგისტრო და დოქტორანტურის პროგრამებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარების მიზნით პროფესორ-მასწავლებლებისა და მსმენელების გაცვლით პროგრამასაც აამოქმედებენ.

ბრიგადის გენერალმა ალი აქიურექმა ქართულ მხარეს თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მართვისა და ადმინისტრირების უმაღლესი აკადემიის ფუნქციონირების, მიზნების, ამოცანების და სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე აკადემიაში მიმდინარე კურსის სემინარსაც დაესწრო.

თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების აკადემიების სარდლობა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს სამხედრო-საგანმანათლებლო ქვედანაყოფს წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მართვისა და ადმინისტრირების აკადემიებს, ასევე სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს. სამხედრო-საგანმანათლებლო ცენტრი თურქეთის რესპუბლიკის საშუალო და უმაღლესი დონის სამეთაურო რგოლის მომზადებაზეა პასუხისმგებელი.