თინათინ ხიდაშელი ევროპარლამენტში
2 დეკემბერი 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომა საქართველოს საკითხის განხილვას მიეძღვნა. პარლამენტის წევრებს თავდაცვის მინისტრი კომიტეტის თავმჯდომარემ ანა ფოტიგამ წარუდგინა. საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხები განიხილეს. თინათინ ხიდაშელმა ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ოკუპაციაზე, კონფლიქტურ რეგიონებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი იყო. კომიტეტის თავმჯდომარემ ანა ფოტიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან.

„კომიტეტის წევრებმა ჩვენგან საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია და ის დღის წესრიგი მოისმინეს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს დღეს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს. დეპუტატების მხრიდან ძალიან საინტერესო კომენტარები, საინტერესო რეკომენდაციები, გამოსვლები იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ცალსახად მივიღოთ უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ევროპარლამენტში აქვს, ერთი მხრივ, იმ პოლიტიკური კურსის, რეფორმების, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მეორე მხრივ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის თვალსაზრისით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ანა ფოტიგას შეფასებით, თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა ძალიან ინფორმაციული იყო. „გვქონდა საკმაოდ ინფორმაციული ბრიფინგი უსაფრთხოებისა და სამხედრო ასპექტებზე, საქართველოს პოლიტიკასა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქმედებათა სამსახურის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ასევე განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში. ვაფასებთ საქართველოს წვლილს. შესაძლებლობა გვქონდა, მოგვესმინა მინისტრის შეფასება საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯად კარიმმაც შეაჯამა: „ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმ გახსნილი ურთიერთობის, რომელიც საქართველოს მთავრობას ევროკავშირის პარლამენტთან აკავშირებს. ეს არის მუშაობის ჯანსაღი წესი. ევროკავშირის პარლამენტის საშუალებით მსგავსი შეხვედრები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გამყარებას უწყობს ხელს. პარლამენტებს შორის დიალოგი სამომავლო ურთიერთობებისთვის აუცილებელია“.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს სანდრა კალნიეტეს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა ლატვიელ დეპუტატთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი და არსებული გამოწვევები განიხილა.

„ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვინაიდან მათ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარეს ის გზა, რომელზეც ჩვენ დღეს ვდგავართ. ამიტომ ყოველი შეხვედრა ბალტიისპირეთის ქვეყნების დეპუტატებთან არის, ერთი მხრივ, სასწავლო, სარეკომენდაციო და, მეორე მხრივ, უზარმაზარი მხარდაჭერის მაჩვენებელი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, როდესაც ბრიუსელში არ ვართ, აქ არიან ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩვენს მისწრაფებებს იცავენ, ჩვენს ამოცანებზე საუბრობენ და ჩვენს რისკებზე ეძებენ პასუხებს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ვიდეო რეპორტაჟი