შეხვედრა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან
1 დეკემბერი 2015

ბელგიის სამეფოში ვიზიტისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა გენერალს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელთან, გენერალ პატრიკ დე რუზიესთან პროდუქტიული თანამშრომლობა ჰქონდა და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ. გენერალმა მიხაილ კოსტარაკოსმა საქართველოს ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა იყო ასევე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უფროსის მოადგილესთან, პედრო სერანო დე ჰარო სორიანოსთან შეხვედრის მთავარი თემა. შეხვედრაზე ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) მიმდინარე სამხედრო და სამოქალაქო მისიები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მნიშვნელობა. მხარეებმა მსოფლიო ტერორიზმის საფრთხეებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

„ბევრი გამოწვევა აქვს დღეს ევროკავშირს. ეს მხოლოდ ნატოს გამოწვევები არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ ის მოლოდინები, რაც ევროკავშირს გააჩნია საქართველოს მიმართ. ძალიან საინტერესო ინიციატივა დაიბადა. ჩვენ დავპატიჟეთ გენერალი საქართველოში მომავალ წელს. გაჩნდა მოსაზრება, რომ გაცილებით უფრო გაფართოებული შემადგენლობით ჩამოვიდნენ საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების გენერლები და თავდაცვის ხელმძღვანელები. შესაძლებელია, თუკი ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, 2016 წელს საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა გენშტაბის უფროსს უმასპინძლოს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრებს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე და ნატოსთან საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი