ანა დოლიძის შეხვედრები ნატოს შტაბ-ბინაში
27 ნოემბერი 2015

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ჯგუფის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. ანა დოლიძემ DEEP-ის ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მან პროგრამის წარმომადგენლებს თავდაცვის ეროვნული აკადემიისა და სერჟანტთა მომზადების ცენტრისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ნატოს მხარემ განაცხადა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა და არსებული მიმართულებების მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება. DEEP-ის ჯგუფის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ თავდაცვის ეროვნულ აკადემიას სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში გაუწევენ დახმარებას.

ბელგიის სამეფოში ვიზიტი ანა დოლიძემ ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან თრასივოულოს ტერი სტამატოპოულოსთან შეხვედრებით დაასრულა.

შეხვედრებზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) პროექტის მიმდინარეობა და სხვა არსებული პროგრამის (PDP, PDC) თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან თავსებადობის საკითხები განიხილეს. ნატოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო დროულად ასრულებს პაკეტის ფარგლებში დაკისრებულ ვალდებულებებს. შეხვედრის დასასრულს ანა დოლიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.