განაღმვითი სამუშაოები მეღვრეკისში
2 მაისი 2015
შიდა ქართლში განაღმვითი სამუშაოები დასრულდა. ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებული ბოლო სოფელი მეღვრეკისი დღეს ადგილობრივ თვითმმართველობას ოფიციალურად გადაეცა. განაღმვით სამუშაოებს მეღვრეკისში თავდაცვის სამინისტროს კოორდინაციით საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “The HALO Trust” აწარმოებდა. სპეციალისტებმა 270, 6 ჰექტარი ტერიტორია 282 ასაფეთქებელი მასალისგან გაასუფთავეს.
ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებული სოფელი პირადად დაათვალიერეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ და ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი.
„აგვისტოს ომმა ძალიან დიდი საფრთხეები დატოვა, რომლებიც პირდაპირ ემუქრებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ მათ გავფრთხილებოდით. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გასუფთავებულია” – აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.
განაღმვითი სამუშაოები დასრულდა გორის რაიონის სოფელ შინდისშიც. ორგანიზაცია “The HALO Trust” –ის სპეციალისტებმა სოფელი (95,5 ჰექტარი) 161  კასეტური იარაღის ნარჩენებისგან გაასუფთავეს. განაღმული და გასუფთავებული ტერიტორია გუშინ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჩაიბარა.
აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული განაღმვის ხარისხს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია ”ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი საქმიანობის პროგრამები” (iMMAP, აშშ) აკონტროლებს.
შიდა ქართლში მიმდინარე განაღმვითი სამუშაოები აშშ–ს დაფინანსებით განხორცილდა; 2008 წლის აგვისტოდან აშშ–მ “The HALO Trust” საქართველოს პროგრამისთვის 6,7 მლნ დოლარი გამოყო, აქედან 4,3 მლნ შიდა ქართლში მიმდინარე განაღმვით სამუშაოებზე დაიხარჯა. რეგიონში ფეთქებადი ნარჩენებისგან სულ 18 სოფელი გასუფთავდა.