ამერიკელი სარდლის ვიზიტი
2 მაისი 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების სარდალს გენერალ როჯერ ბრეიდის შეხვდა. შეხვედრაზე  მხარეებმა დეტალურად განიხილეს ამერიკასა და საქართველოს შორის  2010/2011 წლებში  თანამშრომლობის პრიორიტეტები და აშშ-ს დახმარება საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარებაში. გენერალ ბრეიდის თქმით - ”საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და ერთგული პარტნიორია, თქვენი ერაყში მხარდაჭერა და ISAF-ში მონაწილეობა სამაგალითოა; ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა შესაძლებლობას გვაძლევს ერთად გავძლიერდეთ”.

“საჰაერო თავდაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ამ მხრივ განსაკუთრებულია ტექნიკური დახმარება. ჩვენ მივესალმებით ორმხრივი კონსულტაციების შედეგად განსაზღვრულ  მიმართულებებს, რომელთა შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული სამხედრო განათლება და წვრთნები ერთ-ერთი პრიორიტეტია.“ - განაცხადა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. 

თავდაცვის სფეროში 2010 წლის თანამშრომლობის გეგმაში განსაზღვრულია თავდაცვის ეროვნული აკადემიის რეფორმირება, ასევე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების აშშ-ს საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა.