კონფლიქტების გაშუქების სკოლა
2 მაისი 2015
კონფლიქტურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტები თავდაცვის სფეროში სპეციალიზირებულ კურსს გაივლიან. კონფლიქტების გაშუქების სკოლა, სადაც ჟურნალისტები მოემზადებიან, დღეს გაიხსნა. სპეციალიზირებული კურსი მონაწილეებს საგანგებო სიტუაციების გაშუქებისთვის საჭირო ცოდნის შეძენასთან ერთად კრიზისულ ვითარებაში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევების გამომუშავებაშიც დაეხმარება. 6 სატელევიზიო ჯგუფი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაივლის სწავლებას.
სკოლის გახსნა თავდაცვის სამინისტროს და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებული პროექტის „ხიდების აგება/კავშირების გაღრმავება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ხორციელდება. სკოლის გახსნის ცერემონიას, ესწრებოდნენ როგორც თავდაცვის სამინისტროს ისე ინსტიტუტის წარმომადგენლები და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ბრიტანეთის ელჩმა კონფლიქტების დროს ჟურნალისტების პროფესიონალური მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშიშ და საგანგებო ვითარებაში აუცილებელია მედიის წარმომადგენლები სათანადო დონეზე იყვნენ მომზადებულები.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის სალომე მახარაძის თქმით, ეს იქნება ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის სკოლა, „აქ ვისწავლით როგორ შევუწყოთ ერთმანეთს ხელი; არ არის საკმარისი ცალკეული პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და კარგად დასრულდეს მაშინ, როდესაც ვაშუქებთ სამშვიდობო მისიებს, კონფლიქტებს, სხვადასხვა სახის დაძაბულ და საგანგებო მდგომარეობებს, აუცილებელია, რომ ვიცოდეთ როგორ არ შევუშალოთ ხელი ერთმანეთს და ასევე ის თუ როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს ჟურნალისტებიც და სამხედროებიც,“ განაცხადა სალომე მახარაძემ.
კონფლიქტების გაშუქების სკოლაში კურსანტები ასევე შეისწავლიან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის საკითხებს, ბრძოლის ველზე პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს და სხვა. ჟურნალისტებთან იმუშავებს ფსიქოლოგი, რომელიც მათ კრიზისულ ვითარებაში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. „ეს ერთობლივი ინიციატივა რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ გაჩნდა, სადაც დაიღუპა რამდენიმე ჟურნალისტი და ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ იყოს რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი საომარი მოქმედებების შემთხვევაში,“ აღნიშნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის რეგიონის დირექტორმა შორენა რატიანმა.