ახალი ბაზა
2 მაისი 2015
პირველი საარტილერიო ბრიგადა ახალ ბაზაზე განთავსდა. საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილი  დღეს  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა,  თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალიამ და  გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ გახსნეს. პრეზიდენტმა ჯარისკაცებს ახალი ბაზის გახსნა მიულოცა და თავდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული ჯარის მონაწილეობას, როგორც მან აღნიშნა სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ქართველ სამხედროებს სრულიად განსხვავებული გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ. „რა თქმა უნდა, ეს არის სარისკო ოპერაცია და ამაზე ილუზია არავის არ აქვს, მაგრამ აქ ხართ წარმოდგენილი ხალხი ვისაც რისკის არ ეშინია, ხალხი ვინც კარგად იცის რაზე მიდის, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ღია აგრესიის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოვიდა და კიდევ უფრო მეტი მსურველი იყო ჯარში წამოსვლის, ვიდრე ამ აგრესიამდე. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ ხალხით ვინც იბრძოდა და პირველ რიგში მათით ვინც თავი გაწირა სამშობლოსთვის,“ განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა  ხაზგასმით ისაუბრა ქართველი სამხედროების განათლებაზე, „საქართველოს შეიარაღებული ძალები მუდმივად მაღალ დონეზე უნდა იყოს მომზადებული, ერკვეოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებში და ფლობდეს უცხო ენებს  . . . ვინაიდან  თანამედროვე ტექნიკის გარეშე თანამედროვე ბრძოლის ათვისება არ ხდება, თანამედროვე ბრძოლის ველი პირველ რიგში არის ახალი ტექნოლოგიების ცოდნა,“  აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ომის შემდგომ ჩვენ მოვახერხეთ  დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა,  ეს  კი არის სრულებით ახალი ბაზა, აქ განთავსდება  პირველი საარტილერიო ბრიგადა, რომელიც ასევე  ომის შემდეგ შეიქმნა, უფრო ზუსტად კი მანამდე არსებული არტილერისტთა ერთი ბრიგადა გარდაიქმნა და ორი ახალი ბრიგადა ჩამოყალიბდა,“ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 
საარტილერიო ბრიგადის ახალი ბაზა 8 თვის განმავლობაში აშენდა. ის საერთაშორისო  სტანდარტების შეესაბამისია. ბაზის  კომპლექსი აერთიანებს  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას –  ყაზარმებს, სასადილოს, სასწავლო ცენტრს, სასპორტო დარბაზებს, მოედნებს, სამედიცინო პუნქტს და ადმინისტრაციას.