აშშ-ს ახალი სტრატეგია
2 მაისი 2015
საქართველო ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას აგრძელებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა მისიაში მოკავშირეების მიერ დადებითადაა შეფასებული. ”ჩვენი სტრატეგია უცვლელია, საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში და საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მოგეხსენებათ, საფრანგეთის მეთაურობის ქვეშ ჩვენი ასეული უკვე გაემგზავრა ავღანეთში. მომავალი წლის გაზაფხულისთვის ამერიკული მეთაურობის ქვეშ იქ უკვე ბატალიონი გაემგზავრება. საქართველოს მონაწილეობა მისიაში დადებითადაა შეფასებული მოკავშირეების მიერ.  აშშ-ის თაოსნობით კოალიცია ახალ სტრატეგიაზე გადადის, რომელიც ალიანსს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების სარდალმა, ამერიკის შეიარაღებული ძალების გენერალმა მაკ კრილსტალმა წარუდგინა,” განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.  აღნიშნული განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ავღანეთში აშშ–ს სამხედრო ოპერაციის ახალ სტრატეგიას გამოეხმაურა. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ  ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის სტრატეგია დაამტკიცა და ამის შესახებ მსოფლიო ლიდერებს შეატყობინა. როგორც უესტ–პოინტის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამამ განაცხადა, ავღანეთში დამატებით 30 000 სამხედრო გაემგზავრება. მან ასევე აღნიშნა, რომ იქ არსებული უსაფრთხოება ყველა ქვეყნის ინტერესებს პასუხობს. მოკავშირე ქვეყნები მზად არიან სამშვიდობო მისიაში მონაწილე კონტინგენტი გაზარდონ. დღეისათვის ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ჯარების რიცხვი ასი ათასს აჭარბებს.