ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებისადმი მიძღვნილი გამოფენა ესპანეთის სამეფოში
2 მაისი 2015

ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ვაიადოლიდის მერიაში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა მოეწყო. ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება ესპანელმა მხატვარმა აუგუსტო ფერერ-დალმაუმ ნახატებში ასახა. ხოლო ესპანელმა მწერალმა ლუკას მოლინა ფრანკომ ქართველ სამშვიდობოებზე წიგნი "ქართველი სამხედროები ავღანურ მისიაზე"  დაწერა.

საგამოფენო დარბაზში ესპანელი ფერწერის ნახატების გამოფენასა და მწერლის წიგნის პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, დაესწრო.

ღონისძიებაზე მინდია ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა და თავდაცვის სამინისტროს სახელით, ესპანელ მხატვარსა და მწერალს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ესპანელი ხელოვანები საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის  უწყებრივი მედლებით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. „ესპანურ მხარესთან ერთად, ერთობლივად გავხსენით ცნობილი ესპანელი მხატვრის  აუგუსტო ფერერ დალმაუს გამოფენა, რომელიც  ავღანეთში მყოფ ქართულ კონტინგენტს ეძღვნება. მინდა მადლობა გადავუხადო ესპანურ მხარეს გამოფენის ასეთ დონეზე ორგანიზებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ აუგუსტოს იმისათვის, რომ ის იმყოფებოდა ავღანეთში ჩვენს კონტინგენტთან ერთად, ცხოვრობდა მათთან ერთად იმისათვის, რომ ჩვენი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება და ყოველდღიური ყოფა უფრო კარგად შეეგრძნო, გაეგო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი გამოფენები ევროპის მრავალ დედაქალაქში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ავღანეთის ISAF-ის და  „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციებში ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ზოგადად, ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. კიდევ ერთხელ მინდა, რომ ჩვენს ესპანელ  მეგობრებს მადლობა გადავუხადო“ - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ესპანელი ხელოვანები ავღანეთში 2014 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი საერთაშორისო მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ცხოვრობდნენ და მათ საქმიანობას ეცნობოდნენ.

პროექტის ინიციატორი ესპანეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილია. 

ვიდეო რეპორტაჟი