ქართული ქვედანაყოფი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის მზადაა
2 მაისი 2015

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის მზადება დაასრულა.

ვაზიანის პოლიგონზე „ალფა“ ასეულის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ასეულის მომზადების დონე ქართველი სამხედროებისგან დაკომპლექტებულმა დამკვირვებელთა ჯგუფმა შეაფასა. ეროვნული შემფასებელთა ჯგუფის წინასწარი დასკვნით, ქვედანაყოფმა დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი და  ნატოს წევრი ქვეყნების დანაყოფებთან ურთიერთთავსებადია.    

საჩვენებელ სწავლებას გენერალური შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვინიკი ალექსანდრე კიკნაძე, I ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი შენგელია, ეროვნულ შემფასებელთა ჯგუფი, ასევე თავდაცვისა და თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, ერთ-ერთი ქვეყნის პროვინციაში ამბოხებულები ცენტრალურ ხელისუფლებას უფლებამოსილების განხორციელებაში უშლიან ხელს. რაიონში კონტროლის აღდგენის მიზნით, ქვეყნის მთავრობას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები ეხმარებიან. ქართული ასეულის დაზვერვის მონაცემებით, ერთ-ერთი  სოფლის შენობაში მტრულად განწყობილი ძალაა გამაგრებული, რომელსაც  თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების ე.წ. IED-ის დასამზადებელი ქარხანა და იარაღის საცავი აქვს მოწყობილი. ქართული ასეულის მეთაურობა კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას იღებს.

2013 წლის აგვისტოდან დღემდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სწავლებები გაიარა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში ჩატარებული წვრთნები ნატოს ოპერატიული შესაძლებლობის კონცეფციის ფარგლებში მიმდინარეობდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონის შეფასება აშშ-ის გაერთიანებული „მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში“ (JMTC) განხორციელდა.

გერმანიაში გამგზავრებამდე, ასეულმა საქართველოში ინტენსიური მომზადება გაიარა. 10 თვის განმავლობაში მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები და დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები შეისწავლეს.     

ვიდეო რეპორტაჟი