ორმხრივი კონსულტაციები თავდაცვის სფეროში
2 მაისი 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა.

კონსულტაციებს აშშ-ს მხრიდან თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასი, ხოლო საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი თანათავმჯდომარეობდნენ. კონსულტაციებს ასევე, ესწრებოდნენ ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრაიონი და აშშ-ის ევროპული სარდლობის J-5 დირექტორატის უფროსის მოადგილე ვიცე-ადმირალი პატრიკ პირსი.

კონსულტაციების მთავარ თემას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებების,  თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმებისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს, თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიმართულებების ფარგლებში, ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესი.

2014-15 წლებისათვის თავდაცვის პრიორიტეტების უზრუნველყოფის მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები   დაიგეგმა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და  ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე  ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. დადებითად შეფასდა ქართული მხარის გადაწყვეტილება გააგრძელოს ავღანეთში პოსტ-ISAF-ის პერიოდში ჩართულობა და მონაწილეობა მიიღოს  ნატო-ს რეაგირების ძალებში 2015 წელს.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მთავრობის მზადყოფნა გააგრძელოს დახმარება საერთაშორისო სტაბილურობის უზრუნველყოფის მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციისთვის საჭირო ეროვნული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.