სამხედრო მეკავშირეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
2 მაისი 2015

დღეს ქართველი სამხედრო მეკავშირეები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია და სწავლება “კავშირი 2009”-ის დახურვის ღონისძიება საგურამოს კავშირგაბმულობის ბატალიონში გაიმართა. 
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი დავით ნაირაშვილი დაესწრნენ.

“კავშირი 2009”-ში მონაწილეობა სახმელეთო ჯარების, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის, სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების შტაბის, აგრეთვე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ოფიცრებმა მიიღეს. სწავლების მიზანს, რომელიც 166 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა, შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის ორგანიზება წარმოადგენდა. ჯარისკაცები სწავლებისას ქვედანაყოფებში კავშირის ორგანიზებას, რადიოკავშირის საშუალებებით სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების მართვასა და თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებს გაეცნენ.    
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      “კავშირი 2009” 1 ოქტომბერს დაიწყო და 9 ოქტომბერს ოფიციალურად დასრულდა.

“ვულოცავ მეკავშირეებს კურსის წარმატებით დასრულებას და პროფესიულ დღეს. ეს სამსახური შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი საკვანძო სამსახურია. თუ არ იქნა კარგი კავშირი, შეიარაღებული ძალების დანაყოფების მუშაობა სათანადო ეფექტს ვერ გამოიღებს. ასე რომ ეს ადამიანები უმნიშვნელოვანესი კადრები არიან ქართული ჯარისთვის” – განაცხადა ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს.

ცერემონიის დასასრულს ოფიცრებს “კავშირი 2009”-ში მონაწილეობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.