ვიდეოკონფერენცია ნატოს საინფორმაციო ცენტრში
2 მაისი 2015
ავღანეთში სამშვიდობო მისიას დღეს ვიდეოკონფერენცია მიეძღვნა. ტელე-ხიდი ნატოს კვირეულის ფარგლებში  გაიმათა. ვირტუალურ  საუბარში მონაწილეობა ბრიუსელიდან  ნატოს სამშვიდობო ოპერაციებისა და კრიზისული სიტუაციების მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა მიჰაი კარპმა მიიღო. კარპს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან  მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ ვაშაკიძე, ნოდარ ხარშილაძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა  ესაუბრნენ. ტელე-ხიდში ასევე მონაწილეობდნენ საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, საფრანგეთის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ჟან-ლუკ თეუსი, აშშ-ს სამხედრო ატაშე მეთიუ ბრენდი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოებისათვის ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას. მიჰაი კარპმა დეტალურად ისაუბრა ავღანურ მისიაზე და  ჩრდილო-ატლანტიკური  ალიანსისთვის მის უდიდეს პოლიტიკურ და სამხედრო მნიშვნელობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის ავღანურ არმიას გამოცდილება გაუზიაროს.