რობერტ სიმონსი თავდაცვის უწყებაში
2 მაისი 2015

თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსს შეხვდა. ვიზიტის მიზანი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების განხილვა იყო. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე და ნატო-ს მეკავშირე ოფიცერი, ზბიგნევ რიბაცკიც  დაესწრნენ.
,,მოგეხსენებათ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები ნატოსთან, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაში გამოიხატება. განვიხილეთ მიმდინარე რეფორმების და სამოქმედო გეგმის მთელი რიგი ნიუანსები, რომელიც ხელს შეუწყობს საბოლოოდ ჩვენს ნატოში ინტეგრაციას. ბუქარესტის გადაწყვეტილებაში საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული ნატოს პოზიცია საქართველოსადმი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ  საკითხზე" - განაცხადა  თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ.
“ჩემი, როგორც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, საქართველოში ვიზიტის მიზანი არის საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ყოველწლიური ეროვნული პროგრამის მიმდინარეობის გაცნობა და განხილვა. შეხვედრაზე სწორედ იმაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ ახორციელებს საქართველოს მხარე პროგრამით გათვალისწინებულ რეფორმებს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს შესაძლო მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, რომელიც ალიანსისათვის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას.  ვთვლით, რომ საქართველო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით"- განუცხადა რობერტ სიმონსმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.