უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი დასრულდა
2 მაისი 2015
საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს დღეს 52 კურსდამთავრებული უმცროსი ოფიცერი შეემატა. სამხედრო მომსამსახურეებმა 4 მაისიდან დღემდე საგანგებო მომზადების კურსი გაიარეს. მათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. კურსანტებმა არტილერიის, კავშირგაბმულობის, ლოგისტიკის, საინჟინრო და ჯავშანსატანკო სპეციალობებში კვალიფიკაცია აიმაღლეს. მსმენელებმა ოცეულის მეთაურის დონეზე ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საინჟინრო დაზვერვა, განაღმვითი ოპერაციები და ლოგისტიკური დაგეგმვა შეისწავლეს. ოფიცრებმა მომზადების ძირითადი კურსი წარმატებით დაასრულეს. თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში დღეს კურსის დახურვის  ცერემონია  გაიმართა. ცერემონიალის ფარგლებში შესრულდა სახელწიფო ჰიმნი, კურსდამთავრებულებმა მიიღეს სერთიფიკატები და  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ ჯარისკაცებს. კურსის დასრულების ცერემონიას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები და კურსანტთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.