თავდაცვის მინისტრის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან
2 მაისი 2015
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია: "ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ".

ირაკლი ალასანია იყო საქართველოს ელჩი გაეროში, მანამ, სანამ დატოვებდა თანამდებობას 2008 დასასრულს და გადაინაცვლებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში. ის ახლა საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კოალიციური მთავრობის წევრი და საქართველოს თავდაცვის მინისტრია. რადიო თავისუფლების (RFE/RL) კორესპონდენტი ბრაიან უიტმორი, თბილისში ყოფნის დროს, ირაკლი ალასანიას რუსეთთან ურთიერთობების კუთხით ახალი მთავრობის მიდგომებზე ესაუბრება.

-მას შემდეგ, რაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კრიტიკულად აფასებენ ახალი მთავრობის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, რაც კარგად გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის 19 აპრილს გამართულ მიტინგზე. როგორ შეაფასებდით ოპოზიციის ასეთ კრიტიკულ დამოკიდებულებას?

საქართველოს მოსახლეობის მიერ ოქტომბერში გაკეთებული არჩევანი არანაირად არ უკავშირდება მიტინგზე გახმოვანებულ განცხადებებს. მათ წააგეს არჩევნები, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველომ დაკარგა საკუთარი ტერიტორიების ნაწილი. მათ წააგეს ომი რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ჩვენი ჯარი არ აღმოჩნდა მზად შეტევის მოსაგერიებლად, მიუხედავად იმისა, რომ 8 მილიარდი ლარი (4,8 მილიარდი აშშ დოლარი) დაიხარჯა ქვეყნის თავდაცვაზე. შესაბამისად, ხალხს აინტერესებს რა მოხდა-რატომ არ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის დაცვა, სად დაიხარჯა 8 მილიარდი? ამიტომ, მათ უმჯობესია პასუხი გასცენ საზოგადოების კითხვებს, სანამ დაიწყებდნენ ახალი მთავრობის კრიტიკას, რომელიც მხოლოდ 6 თვეა რაც ხელისუფლებაში მოვიდა.

წინამორბედ მთავრობას საკმაოდ ახლო ურთიერთობები აკავშირებდა რუსეთთან.სააკაშვილმა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდა. მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილი ამას განზრახ აკეთებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. მაგრამ მისი 9 წლიანი მმართველობის შემდეგ, ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და 10 000 რუსი ჯარისკაცი ჩვენს ტერიტორიაზეა განთავსებული.

- საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის მოსკოვთან ურთიერთობა სერიოზულ დილემას წარმოადგენს. რუსეთი ყოფილ საბჭოთა სივრცეს ისე უყურებს როგორც საკუთარი გავლენის სფეროს. რუსეთის მიმართ პროვოკაციული დამოკიდებულება, როგორიც ჰქონდა სააკაშვილს, მათ მწვავე რეაქციას იწვევდა, თუმცა რუსეთის მიმართ ზედმეტად ლოიალური პოლიტიკა მას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისკენ უბიძგებს. როგორ აპირებს ახალი მთავრობა მოცემულ სიტუაციაში ლავირებას?

- რუსეთი, რომელიც ბირთვული სახელმწიფოა და რომლის მოსახლეობა 140 მილიონ ადამიანს შეადგენს, ჩვენს მეზობლად მდებარეობს და შესაბამისად, საქართველოს მოუწევს მასთან ურთიერთობა. ამისთვის უნდა გამოვძებნოთ საუკეთესო გზები. რა თქმა უნდა, ეს არის სავაჭრო და ჰუმანიტარული სფეროები-ამჟამად, ერთ მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს რუსეთში.
საქართველოს უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის, მომდევნო 10 წლის მანძილზე, რუსეთთან უნდა დამყარდეს სავაჭრო ურთიერთობები. სააკაშვილმა რუსებს გზა გაუხსნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ. მინდა, რომ ჩვენს ბიზნესმენებს რუსეთში იგივე შესაძლებლობები მიეცეთ ბიზნეს საქმიანობისთვის, რაც ჰქონდათ საქართველოში სააკაშვილის მმართველობის დროს. ეს ლოგიკურია. ამიტომაც განვიხილავთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობებს.

- გარდა ზემოხსენებული თემებისა, როგორ აპირებთ ისეთი რთული და გადაუწყვეტელი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება და რუსული საოკუპაციო ჯარების ყოფნა ოკუპირებულ აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთში?

- ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ რუსეთი შეიცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული ინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. თუმცა, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობაში შევარბილოთ რიტორიკა და ვაწარმოოთ საქმიანი სავაჭრო ურთიერთობა, განვავითაროთ ქვეყნის ინსტიტუციები და ეკონომიკა, ასევე აღვადგინოთ ურთიერთობები აფხაზ და ოს ხალხთან. რუსეთთან მიმართებაში ეს არის ჩვენი მიდგომა.

ვფიქრობ, რომ რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება უახლოესი 10 წლის მანძილზე. ჩვენ უნდა მოთმინებით აღვიჭურვოთ, უნდა გამოვიჩინოთ მეტი გონიერება. გვჭირდება სივრცე და დრო საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისთვის. შემდეგ, საქართველოს მიეცემა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შესაძლებლობა, როგორც ეს ბალტიის სახელმწიფოების შემთხვევაში მოხდა. მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად-გავატაროთ რეფორმები, განვავითაროთ ინსტიტუციები და ქვეყნის ეკონომიკა. ყოველივე ამის შემდეგ შევძლებთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას.

- ამ ზაფხულს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების 5 წლისთავი შესრულდება. როგორც ვიცი, საქართველო აწარმოებს ომის მოვლენების გამოძიებას. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

- ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია იმის ანალიზი თუ რა მოხდა-რა იყო ჩვენი წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზი. მე გავეცი დავალება, რომ დაიწყოს ომის დროს დაშვებული შეცდომების შესწავლა, რათა მომავალში აღარ განმეორდეს იგივე და მოვაგვაროთ სამეთაურო და კონტროლის მიმართულებით არსებული პრობლემები, რაც შემდგომში გათვალისწინებული იქნება საქართველოს ახალ თავდაცვის დოქტრინაში.

- ომის მოვლენების შესწავლა მოიცვას თუ არა გამოძიებას იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა იმ დროისთვის გადაწყვეტილებების მიღება და რა იყო ომის მიზეზი?

- ეს არ არის გამოძიება, არამედ ის, რასაც ყველა სამხედრო უწყება მსოფლიო მასშტაბით პერიოდულად აკეთებს.
-თქვენ ფიქრობთ, რომ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური კლასი მზად არის ომის მიზეზების სრულ-მასშტაბიანი გამოძიებისთვის?

- ეს დამოკიდებულია პოლიტიკოსებზე. ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს რუსეთ-საქართველოს მოვლენების შესწავლას ისეთი მიმართულებებით, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო სფეროსთან, ქვეყნის თავდაცვის სამომავლო დოქტრინასთან და სამხედრო მოსამსახურეებთან, რა მიმართულებებითაც ადგილი ჰქონდა შეცდომებს. კვლევა მიმდინარეობს ლეგიტიმურ ფარგლებში ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს შორის, იმის შესახებ თუ რამდენად იყო შესაძლებელი ამ ომის თავიდან აცილება. მე ვარ მათ შორის, ვინც თვლიან, რომ შესაძლებელი იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თავიდან არიდება, არა გადამწყვეტ ეტაპზე, არამედ 2005, 2006 და 2007 წლებში. ჩვენ რომ მოლაპარაკებები გვეწარმოებინა აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის კუთხით, ომი არ მოხდებოდა. რუსებს აღარ ექნებოდათ ჩვენი პროვოკაციაში ჩათრევის შესაძლებლობა.

- რუსეთსა და საქართველოს შორის, ასევე საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის მნიშვნელოვნად შერბილდა კონფრონტაციული რიტორიკა
ჩვენი მიზანია, რომ რუსეთს არ მივცეთ არანაირი შესაძლებლობა და საბაბი იმისთვის, რომ აგრესიულად შემოგვიტიოს, როგორც პოლიტიკურად, ისე საერთაშორისო მასშტაბებით. ეს არის რუსეთთან ურთიერთობის კუთხით ჩვენს მიერ შემუშავებული პოლიტიკა.