კანადის ელჩი თავდაცვის სამინისტროში
2 მაისი 2015

საქართველოში სამუშაო ვიზიტით კანადის ელჩი ჯონ ჰოლმსი იმყოფება. დღეს, კანადელი სტუმარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. მხარეებმა საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში   თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყების მონაწილეობას სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამაში   დიდი მნიშვნელობა აქვს. პროგრამის ფარგლებში ქართველი სამხედროები სხვადასხვა მიმართულებით კანადის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვალიფიკაციას იმაღლებენ და ინგლისურ ენას ეუფლებიან. 

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ კანადაში კაპიტნის საკარიერო კურსების გავლის შესაძლებლობა უფრო მეტ ქართველ სამხედრო ინჟინერსა და საჰაერო თავდაცვის ოფიცერს მიეცეს. ჯონ ჰოლმსთან ირაკლი ალასანიამ სამეთაურო-საშტაბო და ომის კოლეჯში ქართველი სამხედროების გადამზადების საკითხიც განიხილა.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულმა მხარემ კანადელ დიპლომატს შესთავაზა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მომზადება კანადელმა სამხედროებმაც გაიარონ.