სამხედრო პოლიციის ასეულის კურსი დასრულდა
2 მაისი 2015

რეკრუტებმა სამხედრო პოლიციის ასეულის საბრძოლო მომზადების კურსის გავლა დაასრულეს. საზეიმო ცერემონია დღეს, ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.
ღონისძიების მსვლელობისას სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, ასევე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
სასწავლო პროცესი 15 ივნისს დაიწყო და 12 კვირას გაგრძელდა. რეკრუტებმა სწავლების ორი ეტაპი-საწყისი საბრძოლო და ძირითადი მომზადება გაიარეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა სამი თვის განმავლობაში ტაქტიკა, საცეცხლე მომზადება, ნავიგაცია, კავშირგაბმულობა, უსაფრთხოება და ჩასაფრების ტექნიკა, ასევე ჩხრეკა, პატრულირება და პირველადი სამედიცინო მომზადება შეისწავლეს.
დღეს 100 რეკრუტს სწავლების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცა.
კურსდამთავრებულები სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რაიონების მიხედვით გადანაწილდებიან.
სწავლების დასრულების ცერემონიას, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური, მაიორი გიგი კალანდაძე და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.