თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები
2 მაისი 2015
ბაჩო ახალაიამ საქართველოს თადაცვის მინისტრის რანგში პირველი პრეს-კონფერენცია გამართა.
თავდაცვის უწყების ახალმა ხელმძღვანელმა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოს წინაშე დასახული ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. ბაჩო ახალაიას განცხადებით: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყვეტ და ნათელ მიზანს სამი პრიორიტეტი წარმოადგენს: მოდერნიზაცია,  მშვიდობა და ნატო-ში ინტეგრაცია.
საქართველოს შეიარაღებული ძალები იმყოფება მოდერნიზაციის შეუქცევად გზაზე. ჩემი მიზანია, გავაძლიერო საქართველოს შეიარაღებული ძალები და ხელი შევუწყო მის პროფესიულ განვითარებას დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რათა მათ შეძლონ თავი გაართვან ყველა არსებულ და მომავალი უსაფრთხოების საკითხებს.
საქართველო არის მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ქვეყანა. თავდაცვის მინისტრის რანგში მე მხარს დავუჭერ და გავაძლიერებ სტაბილურობას და მშვიდობას ქვეყნის შიგნით და მთელ რეგიონში.
ჩვენი ეროვნული მისწრაფება - გავხდეთ ნატოს წევრები, რჩება უცვლელი. მე გავაგრძელებ ჩვენს კურსს ნატოს წევრ და მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის, ტრანსპარენტულობის და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვით.
მე მსურს ასევე, აღვნიშნო ჩემი წინამორბედის საქმიანობა, რომლის ძალისხმევითაც გაძლიერდა თავდაცვის სამინისტრო და საქართველო.
ჩვენ მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მაგრამ გვყავს ძლიერი გუნდი, რომლის წევრობაც ჩემთვის დიდი პატივია და დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის სამინისტრო ღირსეულად გაართმევს თავს ყველა ამოცანას აწმყოსა და მომავალში.”