საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება
2 მაისი 2015
საინფორმაციო სააგენტო “Associated Press”-ის მიერ 2009 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საინფორმაციო სააგენტო “Associated Press”-ის პენტაგონის რეპორტიორის, ლარა ჯეიკსის 2009 წლის 21 აგვისტოს გამოქვენყებულ სტატიაში - “ამერიკელების წვრთნა შესაძლოა რუსეთის  წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული”, ავღანეთში გასაგზავნ საქართველოს სამხედრო კონტინგენტის აშშ-ის მხარის მიერ გაწვრთნასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ვასილ სიხარულიძის მიცემული კომენტარი არასწორად იქნა გადმოცემული.

ვასილ სიხარულიძემ ინტერვიუში ზოგადად აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის მომზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული მომზადების დონის ზრდას უწყობს ხელს.

პენტაგონის რეპორტიორის, ლარა ჯეიკსის მიერ მოწოდებული ჩანაწერების შესაბამისად, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: “ჩვენ სერიოზულ გამოცდილებას ვიღებთ მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში მონაწილეობით, რაც ძალზედ სასარგებლოა ქართველი სამხედროებისათვის, მათი შემდგომი მომზადებისათვის”. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის”.

მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში, ვასილ სიხარულიძემ აღნიშნა: “ამერიკული მხარის მიერ ავღანეთში გასაგზავნი ქართული ბატალიონის მომზადება მიზნად ისახავს ქართველი სამხედროებისთვის იმ საჭირო უნარჩვევებისა და გამოცდილების შეძენას, რომელიც მათ ნატო-ს ISAF-ის ოპერაციაში მისიის ეფექტურად და დანაკარგების მინიმალური რისკით შესრულებაში დაეხმარება.
ამავე დროს, ქვეყნის დასაცავად აუცილებელი სამხედრო უნარ-ჩვევების განვითარება საქართველოს შეიარაღებული ძალების უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს შეიარაღებული ძალები ქართული მხარის მიერ მიმდინარე წლისთვის შემუშავებულ მოსამზადებელ პროგრამებს უკვე გადიან.
აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა რუსი აგრესორებისაგან ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციის მხოლოდ მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს, რაც აქტიურ საერთაშორისო ჩართულობას ითვალისწინებს”.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა თხოვნით “Associated Press”-ს გამოაქვეყნოს შესაბამისი განმარტებები.