დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
2 მაისი 2015
აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის სახელზე დღეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ცერემონიას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, დავით ნაირაშვილი ესწრებოდნენ.
მემორიალის გვირგვინით შემკობამდე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა, დეკანოზმა მამა მიქაელმა გადაიხადა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კომენტარი გააკეთა:
“აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ვახტანგ გზირიშვილის გარდაცვალების წლისთავია და მასთან ერთად პატივს მივაგებთ ყველას, როგორც გასული წლის აგვისტოს ომში, ასევე აფხაზეთ-სამაჩაბლოს ომების დროს გარდაცვლილებს.”
დღესვე რუსთავში ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქუჩაზე განთავსებული მემორიალი, ოჯახის წევრებმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გვირგვინით შეამკეს, რის შემდეგაც გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, დაღუპულის საფლავზე, მამა მიქაელმა გადაიხადა.