ერთი წელი რუსული აგრესიიდან
2 მაისი 2015
გასული წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შემდეგ ერთი წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე რუსული ინტერვენციის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს.
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ ქართველ მებრძოლთა საფლავები საქართველოს პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა მოინახულა. უმაღლესმა მთავარსალდალმა გარდაცვლილ სამხედროთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ომის წლისთავზე სასაფლაოზე დაღუპულთა ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვასილ სიხარულიძე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, დევი ჭანკოტაძე, ქალაქ თბილისის მერი, გიგი უგულავა და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
სამხედრო სასაფლაოზე თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც სასაფლაოზე შეკრებილებმა დაღუპულ გმირთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ მებრძოლთა გმირობაზე ისაუბრა:
“მთლიანობაში საქართველოს ისტორია გახლავთ თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია. გასული აგვისტოც ამ ისტორიის დიდი ნაწილია. ის ხალხი, რომლებმაც თავი შეწირა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, არის იმ გმირების ნაწილი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ და ვაგრძელებთ ამ ბრძოლას. ამ ბრძოლამ მოიტანა ის შედეგი, რომ საქართველო დღესაც არსებობს, არის ძლიერი, კიდევ უფრო გაძლიერდება და იზრუნებს თავისი მომავალი თაობებისთვის”.
მოგვიანებით, სამების საკათედრო ტაძარში, დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა.
დღესვე, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, კაპიტან ერეკლე ყულოშვილის მემორიალური დაფა მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე გაიხსნა. ცერემონიას დაღუპულის ოჯახის წევრები, მისი თანამებრძოლები და ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი დაესწრნენ.