ქვემო ხვითში განაღმვითი სამუშაოები დასრულდა
2 მაისი 2015
გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითში ჰუმანიტარული განაღმვითი სამუშაოები დასრულდა. ეს უკვე მესამე სოფელია, რომლის ტერიტორიაც  საერთაშორისო  ორგანიზაცია ”ნორვეგიელ ხალხთა დახმარების” მიერ  ნაღმებისა და სხვა ფეთქებადი საბრძოლო მასალებისაგან გასუფთავდა და გაწმენდილი ტერიტორიები ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცა.

თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ქართლოს ყორანაშვილის განცხადებით - ”გასუფთავდა სოფლის ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია, რის შედეგადაც გამნაღმველებმა 57 კასეტური ბომბი და 33 აუფეთქებელი საბრძოლო მასალა ამოიღეს. ეს, თავის მხრივ, 90 გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.”

სოფელ ქვემო ხვითის ტერიტორიის განაღმვითი სამუშაოების წარმოებაში ორგანიზაცია ”ნორვეგიელ ხალხთა დახმარების” მიერ შესაბამისად მომზადებული 39 ადგილობრივი მოსახლე მონაწილეობდა.

ორგანიზაცია ”ნორვეგიელ ხალხთა დახმარება”, ამერიკულ-ბრიტანულ ორგანიზაცია ”ჰალო ტრასტთან” ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოწვევითა და კოორდინაციით 2008 წლის სექტემბრიდან აწარმოებს საქმიანობას საქართველოში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ,,ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში, ეს ორგანიზაციები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს  დაბომბილი და დანაღმული ტერიტორიების ფეთქებადსაშიში საბრძოლო მასალებისა და ნარჩენებისაგან  გასუფთავებას ახდენენ.

გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რაიონებში ჰუმანიტარული განაღმვითი სამუშაოები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის დასრულდება.