მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

გაეროს უშიშროების საბჭოს 2014 წლის N#2134 რეზოლუციით ევროკავშირმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაცია - EUFOR RCA დაიწყო. მისიის მანდატი, რომელიც 6 თვით განისაზღვრა, დედაქალაქ ბანგის ორ უბანს და აეროპორტს მოიცავდა. ევროკავშირის საბჭოს 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, EUFOR RCA მანდატი 3 თვით, 2015 წლის მარტამდე გახანგრძლივდა, რათა მომხდარიყო მისიის მშვიდობიანად გადაცემა გაეროსთვის (MINUSCA).

 

მისიაში საქართველო 2014 წლის ივნისიდან ჩაერთო. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადასროლილ იქნა ერთი მსუბუქი ქვეითი ასეული (156 სამხედრო მოსამსახურე) შესაბამისი ტექნიკით, რომელიც 2014 წლის დეკემბერში ჩაანაცვლა ორმა ოცეულმა (85 სამხედრო მოსამსახურე). დამატებით, ერთი მეკავშირე ოფიცერი 2014 წლის აპრილიდან მასზე დაკისრებული მოვალეობას, საბერძნეთის ქალაქ ლარისაში, ევროკავშირის ოპერაციების შტაბ-ბინაში ასრულებდა. ქართულმა ქვედანაყოფმა მისიაში მონაწილეობა 2015 წლის მარტში დაასრულა.

 

2015 წლის 16 მარტს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მრჩეველთა მისია - EUMAM RCA დაიწყო. მისიის მიზანს  შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელებაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების დახმარება წარმოადგენდა.

 

2015 წლის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში გადასროლილ იქნა 5 სამხედრო მოსამსახურე (სწრაფი რეაგირების ჯგუფი IRT), რომელთა როტაცია ორჯერ განხორციელდა. EUTM RCA მისია 2016 წლის ივლისში დასრულდა.

 

2016 წლის ივლისიდან, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისია - EUTM RCA მიმდინარეობს, რომლის მიზანია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის სექტორის რეფორმის ხელშეწყობა. მისიის ამოცანაა თანამედროვე, ეფექტური, ეთნიკურად დაბალანსებული და დემოკრატიულად პასუხისმგებელი შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა.

 

EUTM RCA-ს ხანგრძლივობა  2 წლით, 2018 წლის 20 სექტემბრამდე განისაზღვრა. მასში ქართული ოცეული (35 სამხედრო მოასმსახურე) 2017 წლის იანვრიდან ჩაერთო. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის დასრულებამდე დარჩებიან.