მისია ავღანეთში

საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატო-ს საერთაშორისო მისიას, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. ქართული გაძლიერებული ოცეულის ამოცანას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

 

მისიის მიმდინარეობისას ეტაპობრივად იცვლებოდა ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა და მათი ამოცანები. ქართული ქვედანაყოფები ახორციელებდნენ: ბაზების დაცვას; პატულირებას; ჩხრეკას; კორდონს; საკონტროლო-გამშვები პუნქტის ოპერაციებს; ავღანური არმიის საარტილერიო ქვედანაყოფების მომზადებას; სამხედრო ჰოსპიტალის დახმარებას.

 

2007 წლის ნოემბრიდან  2013 წლის  აგვისტოს ჩათვლით, ავღანეთში, გოჰარის პროვინციის ქალაქ ჩაგჩარანში, რეკონსტრუქციის ჯგუფთან ერთად, ლიტველი სამხედრო ექიმების შემადგელობაში, მისიას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ექიმი-ქირურგები ასრულებდნენ, რომლებიც როტაციის წესით 6 თვეში ერთხელ იცვლებოდნენ.  

 

2009 წლის ნოემბრიდან  2012 წლის იანვრამდე, ქაბულში, რეგიონული სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე ბაზაზე, ქართული სამშვიდობო ასეული მისიას ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებდა. 2012 წლის იანვრიდან ქვეითთა ასეული გაძლიერებულმა ქვეითთა ოცეულმა (50 სამხედრო მოსამსახურე) ჩაანაცვლა. 2014 წლის  მარტიდან ოცეული ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარებაში გადავიდა.  თითოეულმა ოცეულმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიარა. წვრთნების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალები ამბოხებულთა საწინააღმდეგო ოპერაციებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ.


2010 წლის იანვარში, ქაბულში მდებარე რეგიონული სარდლობის ცენტრში, თურქული კონტინგენტის შტაბ-ბინაში, მისიის შესასრულებლად 2 ქართველი სამეკავშირეო ოფიცერი გაიგზავნა, რომელთა როტაცია დღემდე ხორციელდება.  

 

2011 წლის აპრილიდან 2012 წლის ივნისამდე, ქართველი არტილერიის ინსტრუქტორები სამშვიდობო მისიას ყანდაღარის პროვინციაში, ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებდნენ.

 

2010 წლის აპრილში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში გაიგზავნა. ქვედანაყოფი, აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. 2010 წლის ოქტომბერში, როტაციის წესით, მისის შესრულებას მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი შეუდგა. 

 

2010 წლის აპრილიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჰელმანდის პროვინციაში, სამშვიდობო მისიას ერთი ბატალიონით ასრულებდა.  2012 წლის  ოქტომბერში, ავღანეთში, დამატებით კიდევ ერთი ბატალიონი გაიგზავნა, რის შედეგადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 1600-ს მიაღწია. მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ჩაანაცვლა, რომელთან ერთად ავღანეთში მისიის შესასრულებლად, უკვე მეორედ, მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი გაემგზავრა.

 

6 თვის შემდეგ, აღნიშნული ბატალიონების ჩანაცვლება მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე და IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონებით განხორციელდა. მომდევნო როტაციის შედეგად, ავღანეთში მისიის შესრულებას მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონები შეუდგნენ. 31-ე ბატალიონმა, რომელიც შემდგომში მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა, ავღანეთის მისიაში მონაწილეობა მესამედ მიიღო. მორიგი როტაციის შემდეგ, ყანდაღარის პროვინციაში მისიის შესრულება მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა და ეროვნული გვარდიის ოცეულმა გააგრძელეს.

 

2015 წლის 1 იანვრიდან, ავღანეთში, ნატო-ს საერთაშორისო მისია „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში მიმდინარეობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების გაძლიერების ხელშეწყობას, რათა ავღანეთმა თავად შესძლოს მის ტერიტორიაზე მდგომარეობის სრულად და ეფექტურად გაკონტროლება.

 

2015 წლიდან, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მიზნით, ქართული ქვედანაყოფები, ექვსი თვის განმავლობაში, ინტენსიურ მომზადებას გადიან, რომელსაც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობს. ამასთან ერთად, ქართული კონტინგენტი ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებას, გერმანიაში, ქალაქ ჰოჰენფილდში, ერთი თვის განმავლობაში გადის, სადაც ბატალიონის მომზადების დონის შეფასებაც ხორციელდება.

 

2015-2017 წლებში, სახმელეთო ჯარების სამანევრო ბრიგადების და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები, როტაციის წესით, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში არაერთხელ ჩაერთვნენ. ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში ერთი ბატალიონით და ორი ასეულით არის წარმოდგენილი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო შტაბებში მეკავშირე ოფიცრების პოზიციებზე არიან ჩართული.

 

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში, მძიმე დანაკლისი განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.

 

ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) დასრულებამდე დარჩებიან.