საქართველოს ეროვნული გმირი
ზურაბ იარაჯული

 

საქართველოს ეროვნული გმირი, ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს, თბილისში დაიბადა. მერვე კლასში სწავლისას აეროკლუბში გაწევრიანდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, სწავლა კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში გააგრძელა.

 

აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს, ზურაბ იარაჯული საქართველოში დაბრუნდა და გადამზადება სუ-25 მოიერიშე თვითმფინავზე გაიარა. იმავე წელს, ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. საომარი მოქმედებების დროს, ქვეყნის ერთიანობის დასაცავად, ზურაბ იარაჯულმა 44 საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანა.

 

ზურაბ იარაჯული, 1993 წლის 13 ივლისს, კოპიტნარის აეროდრომიდან სოფელ შრომის მიმართულებით, სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავით გაფრინდა. ქართველმა მფრინავებმა, ამზარა-შრომის გზაზე, მთლიანად გაანადგურეს მტრის მოძრავი კოლონა. აეროდრომზე დაბრუნებულ ზურაბ იარაჯულს კვლავ მოუხდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად სოფელ შრომისკენ გაფრენა, რადგან ქართველებმა, ამ მიმართულებით, მტრის ახალი სამხედრო კოლონის გამოჩენის ცნობა მიიღეს. მფრინავებმა მტერზე მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელეს, თუმცა მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო.

 

ქართველი პილოტი მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პარაშუტით დაეშვა და სამი დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდა. მტერს ეჭვი ჰქონდა, რომ ქართველი პილოტი ცოცხალი გადარჩა და მას გამალებული ეძებდა. საბოლოოდ, გუმისთის ტყეში, მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქცია. მას დანებება შესთავაზეს და დაპირდნენ, რომ მოგვიანებით, ტყვედ გაცვლიდნენ. კაპიტანი იარაჯული მტერს ცოცხალი არ დანებდა - მდევართაგან ორი მოკლა და ერთი დაჭრა.

 

1993 წლის 27 ივლისის სოჭის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ქართველი პილოტის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა, 2013 წელის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.