საქართველოს ეროვნული გმირი
ზაზა დამენია

 

საქართველოს ეროვნული გმირი, ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. 1990-1992 წლებში დამენია ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში სწავლობდა. 2003 წელს, დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი, სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

 

ზაზა დამენია, 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2002 წლიდან, ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა.

 

2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს“ ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორისაც იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა - კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი თანამებრძოლი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

 

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.