International Missions

საერთაშორისო მისიები


საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საერთაშორისო ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში.


ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორია ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით.


საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნებას და შესაბამისი გამოცდილების მიღებას განაპირობებს, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით.


წლების მანძილზე, საერთაშორისო მისიების შესრულებისას, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე და ურთულესი ამოცანების შესრულების უნარი არაერთხელ დაადასტურეს, რითაც საქართველოს გლობალური უსაფრთხოების სფეროში საიმედო მოკავშირე ქვეყნის სახელი დაუმკვიდრეს.


ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე 31 აგვისტოს აღინიშნება.

მისია კოსოვოში

საქართველოს თავდაცვის ძალები ნატოს პირველივე სამშვიდობო მისიაში - „კოსოვოს ძალები“ (KFOR), 1999 წლის 31 აგვისტოს ჩაერთო. მისია კოსოვოში საომარი მოქმედებების განახლების აღკვეთას, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და კოსოვოში გაერო-ს დროებითი ადმინისტრაციული მისიის მუშაობის ხელშეწყობას ითვალისწინებდა.


ქართველი სამხედრო მოსამსახურეები KFOR-ს, თავდაპირველად, ქალაქ მამუშაში, თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქვეითი ოცეულით შეუერთდნენ, ხოლო 2003 წლის მაისიდან, მისიას ქალაქ პრიზრენში, გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქართული გაძლიერებული ასეული დაემატა.


საქართველოს თავდაცვის ძალებმა კოსოვოში მისია, 2008 წელს, უდანაკარგოდ, ოცეულის 17 და ასეულის 11 როტაციით დაასრულა.


მისია ერაყში

2003-2008 წლებში, საქართველოს თავდაცვის ძალები, ერაყში „მრავალეროვნულ ძალებს“ (Multi-National Force – Iraq) შეუერთდა. აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებულ ოპერაციაში, კოალიციას ერაყის მთავრობისთვის ეფექტური თავდაცვის ძალების ფორმირებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა და უზრუნველყოფა დაეკისრა. 2008 წელს ერაყში 2.200 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსახურობდა, რითაც საქართველო მისიაში სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნებით მესამე კონტრიბუტორი ქვეყანა გახდა.


ქართული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს სრული სპექტრის ოპერაციები, საკვანძო ობიექტების დაცვა, პატრულირება/ჩხრეკა, საკონტროლო-გამშვები პუნქტის ოპერაციები, საინჟინრო უსაფრთხოების ოპერაციები, სამხედრო ჰოსპიტალის დახმარება და ესკორტირება წარმოადგენდა.


ერაყში განხორციელებულ საერთაშორისო მისიაში, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 19 როტაციის ფარგლებში, 8.495 ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართული ქვედანაყოფები სამშობლოში დაბრუნდნენ, რითაც საქართველოს თავდაცვის ძალების მისია ერაყში დასრულდა.


ერაყში მისიის შესრულებისას, 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 19 დაიჭრა.


მისია ავღანეთში

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (International Security Assistance Force - ISAF) შემადგენლობაში, 2004 წლის აგვისტოში ჩაერთო. ქართული გაძლიერებული ოცეულის ამოცანას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

 

მისიის მიმდინარეობისას ეტაპობრივად იცვლებოდა ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა და მათი ამოცანები. ქართული ქვედანაყოფები ახორციელებდნენ, ბაზების დაცვას, პატულირებას, ჩხრეკას, კორდონს, საკონტროლო-გამშვები პუნქტის ოპერაციებს, ავღანური არმიის საარტილერიო ქვედანაყოფების მომზადებას, სამხედრო ჰოსპიტალის დახმარებას.

 

2015 წლის პირველი იანვრიდან ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დაიწყო, ნატო-ს ახალი „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission - RSM). ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი აგრძელებდა ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების გაძლიერების ხელშეწყობას, რათა ავღანეთს თავად შესძლებოდა საკუთარ ტერიტორიაზე მდგომარეობის სრულად და ეფექტურად გაკონტროლება.


„მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობის მიზნით, ქართული ქვედანაყოფები, ოთხი თვის განმავლობაში, ინტენსიურ გადასროლისწინა მომზადებას გადიოდა, რომელსაც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ქართული კონტინგენტი, ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებას, გერმანიაში, ქ. ჰოჰენფელსში, ერთი თვის განმავლობაში გადიოდა, სადაც ბატალიონის მომზადების დონის შეფასებაც ხორციელდებოდა.

 

2021 წლის აპრილში „ავღანეთის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს“ (NAC) მინისტერიალზე, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილე ძალების რეტროგრეიდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქართულმა ქვედანაყოფებმა სრულად დატოვა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა (ივნისი, 2021 წ.).

 

ოპერაციის თეატრიდან პირველი გამოვიდა (მაისი, 2021 წ.) მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული (მაზარ-ი-შარიფში (MES) ასრულებდა სწრაფი რეაგირების ასეულის (QRF) ფუნქციას), შემდგომ ეტაპზე (ივნისი, 2021წ.) კი, მე-3 ბრიგადის 32-ე ბატალიონი (BAF, Baghram) და სპეციალური ოპერაციების ძალების ასეული (RS HQ, Qabul).

 

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 100-ზე მეტი როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 30 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.


საქართველოს თავდაცვის ძალებმა, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, მძიმე დანაკლისი განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.

როტაციების მიმდინარეობის დროს ქართული ქვედანაყოფები გამოირჩეოდა დასმული ამოცანების შეუფერხებლად, კვალიფიციურად და პროფესიონალურად შესრულებით ყველა დონეზე.


მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

2014 წელს ევროკავშირმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისია - EUFOR RCA დაიწყო, რომლის მანდატი, თავდაპირველად, 6 თვით განისაზღვრა და დედაქალაქ ბანგის ორ უბანს და აეროპორტს მოიცავდა. ევროკავშირის საბჭოს 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, EUFOR RCA მანდატი 3 თვით, 2015 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.

 

 

მისიაში საქართველო 2014 წლის ივნისიდან ჩაერთო. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადასროლილ იქნა ერთი მსუბუქი ქვეითი ასეული (156 სამხედრო მოსამსახურე) შესაბამისი ტექნიკით, რომელიც 2014 წლის დეკემბერში ორმა ოცეულმა (85 სამხედრო მოსამსახურე) ჩაანაცვლა. დამატებით, ერთი მეკავშირე ოფიცერი 2014 წლის მარტიდან სექტემბრამდე მასზე დაკისრებული მოვალეობას, საბერძნეთის ქალაქ ლარისაში, ევროკავშირის ოპერაციების შტაბ-ბინაში ასრულებდა. ქართულმა ქვედანაყოფმა მისიაში მონაწილეობა 2015 წლის მარტში დაასრულა.

 

 

2015 წლის 16 მარტს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მრჩეველთა მისია - EUMAM RCA დაიწყო. მისიის მიზანს თავდაცვის ძალების რეფორმის განხორციელებაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების დახმარება წარმოადგენდა.

 

 

2015 წლის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადასროლილ იქნა 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე (სწრაფი რეაგირების ჯგუფი IRT), რომელთა როტაცია ორჯერ განხორციელდა. EUMAM RCA მისია 2016 წლის დეკემბერში დასრულდა.

 

 

ამჟამად, მისიაში ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული 35 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის დასრულებამდე დარჩებიან.

 

2016 წლის ივლისიდან, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისია - EUTM RCA მიმდინარეობს, რომლის მიზანია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის სექტორის რეფორმის ხელშეწყობა. მისიაში საქართველოს თავდაცვის ძალები 2017 წლის თებერვლიდან ჩაერთო და 12 როტაცია განახორციელა. ამჟამად, მისიაში ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული 35 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის მანდატის ამოწურვამდე დარჩებიან.


მისია მალის რესპუბლიკაში

გაეროს უშიშროების საბჭოს 2013 წლის N#2085 რეზოლუციის შესაბამისად, ევროკავშირმა მალის შეიარაღებული ძალების საწვრთნელი მისია - EUTM Mali დაიწყო. მისიის მიზანია მალის შეიარაღებული ძალების წვრთნა, რათა მათ ეფექტურად შეძლონ მალის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ტერორისტული საფრთხეების ნეიტრალიზება.

 

საქართველოს თავდაცვის ძალები მალიში მიმდინარე მისიაში 2016 წლის იანვრიდან მეკავშირე ოფიცრის პოზიციაზეა წარმოდგენილი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მალის რესპუბლიკის მასშტაბით ევროკავშირის სხვა მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაცია. ამჟამად დასრულებულია მე-9 როტაცია და მიმდინარეობს მე-10 როტაციაზე მუშაობა. მეკავშირე ოფიცერი მალიში მიმდინარე მისიაში მანდატის დასრულებამდე იქნება ჩართული.