• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
19 მაისი 2017

თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებს ლექცია წაუკითხა

ევროპული ინტეგრაციის კუთხით ცნობიერების ამაღლებისა და ევროპის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ევროპის დღეები იმართება. დღეს, ევროპის დღეების ფარგლებში, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი დაიწყო. სემინარი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი-ევროინტეგრაცია“ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ გახსნეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებს თემაზე - „ევროატლანტიკური ღირებულებები და საქართველო“ - ლექცია წაუკითხა. 
 ლევან იზორიამ ყურადღება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაამახვილა: „მქონდა შესაძლებლობა, წამეკითხა ლექცია და მესაუბრა ევროპის ტიპის სახელმწიფოს მნიშვნელობაზე, ზოგადად, ევროპულ ღირებულებებზე . დასავლური ღირებულებების საწინააღმდეგოდ პროპაგანდის შესაჩერებლად, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ადამიანის თავისუფლების, ღირსების დაცვის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ურყევობის წინაშე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრმა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსზე, წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოსთვის პრიორიტეტულია. ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში ინსტიტუციური აღმშენებლობისა და ოპტიმიზაციის კუთხით განხორციელებული რეფორმებიც გაიხსენა.
ლექციის დასრულების შემდეგ, მინისტრის სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ნინო ბოლქვაძემ ლევან იზორიას თანამშრომლობისა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. 
საქართველოში ევროპის დღეები 7 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით წელს მეხუთედ აღინიშნება.

Print