• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
19 მაისი 2017

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ საბოლოო დაგეგმარების კონფერენცია

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში 30 ივლისს დაიწყება. საერთაშორისო წვრთნის დაწყების თარიღი, მასში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობის, ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობა, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები საბოლოო დაგეგმარების კონფერენციაზე შეთანხმდა.

სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ საბოლოო დაგეგმარების კონფერენციაზე სწავლებაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოფიცრები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად სინდიკატებად დაიყვნენ და  საერთაშორისო წვრთნის დეტალები, ლოგისტიკური უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა თუ განხორციელების საკითხები განიხილეს.  

„ძალა პარტნიორობაშია“ - „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილია, რომელსაც საქართველო წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს. ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა.

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების  ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე ლოგისტიკური და ოპერატიული დაგეგმვისა და აღსრულების ასპექტების დახვეწაა. საველე სწავლებების დროს ქართული სამხედრო ქვედანაყოფები უცხოელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს და დავალებებს შეასრულებენ.  

Print